ავტორიზაცია
 


ჩურჩხელას რეცეპტი

ჩურჩხელას რეცეპტი


ჩურჩხელა ასპროცენტიანი ქართული ჩაროზი, ნამდვილი ჩურჩხელა უგემრიელესია და გემოთი და ფორმით ბადალი არა ჰყავს დედამიწაზე. ძირითადად თადარიგიანმა დიასახლისებმა ალბათ უკვე მოამზადეს ჩურჩხელები საახალწლო სუფრისათვის. ცოტათი დაგვიანებით, მაგრამ მაინც გთავაზობთ ჩურჩხელას მომზადების რეცეპტს.

ჩურჩხელას რეცეპტი


მასალა:
1. 1 ლიტრი ბადაგი
2. 1 ჩ.ჭ. პურის ფქვილი(უმჯობესია სერი)
3. ნიგოზი ან სხვა საგულე მასალა
4. მსხვილი ძაფი

1) ბადაგი ჩაასხით ქვაბში, ცოტათი შეათბეთ და გადმოდგით ცეცხლიდან. წმინდა საცერში გაცრილ ფქვილს ნელ-ნელა დაასხით ბადაგი, თან ურიეთ და ისე გახსენით, რომ კურკუშელები არ დარჩეს. შემდეგ შედგით ნელ ცეცხლზე და მუდმივი მორევით აადუღეთ. როცა შესქელდება, ზილეთ ხის კოვზით; როცა შეწითლდება და თავზე ბუშტუკები გაუჩნდება, მაშინ იქნება მზად თათარაც. თუ სქელი გამოგივათ, დაამატეთ ბადაგი, მაგრამ თუ თხელი გამოგივათ, ფქვილს ნუ დაამატებთ. ჩურჩხელას მოსამზადებლად იყენებენ ნიგოზს, თხილს, ნუშს, გოგრის გულს, ჭერმის კურკის გულს, ჩამიჩსა და ჩირს. მასალას ააცვამენ 20-25 სანტიმეტრის სიგრძის ძაფზე ბოლოში მსხვილი ნასკვით და მეორე ბოლოში იმავე ძაფის ორმაგ საკიდს, ყულფებს უკეთებენ.
2) თხილისა და ნუშის გულს კანი უნდა მოაცილოთ. ამისათვის თხილი დაყარეთ ცხელ ტაფაზე და შედგით ნელ ცეცხლზე. დროდადრო შეანჯღრიეთ, რომ თხილი არ დაიწვას. როდესაც კანი დაიწყებს მოცილებას, გადმოდგით ცეცხლიდან და ცხელსავე თხილს ხელით მოაცილეთ კანი. ასევე შეგიძლიათ თხილი ადუღებულ სოდიან წყალში ჩაყაროთ, 2-3 წუთით ადუღოთ და ამოიღოთ – თხილს ასეც იოლად გაეცლება კანი. ნუჭის და ჭერმის კურკის გულები რამდენიმე წუთით ჩაყარეთ მდუღარე წყალში, შემდეგ გადაწურეთ, მოაცილეთ კანი, გაამშრალეთ და ორად გაჭერით. გოგრის თესლებს ჯერ გააცილეთ ქერქი, მერე ჩაყარეთ პატარა ტომარაში, დაასველეთ და გარედან ხელის წასმით მოაცილეთ კანი. ნიგოზს და ჩირს კანის გაცლა არ სჭირდება. ნიგვზიანი ჩურჩხელა შეიძლება მომზადდეს მთელი, ნახევარი ან მეოთხედი ლებნისაგან. მთელი ლებნის შემთხვევაში ჩურჩხელას გული კარგად არ უშრება და დიდხანს შენახვისას შეიძლება დაობდეს; ნახევარი ლებნის შემთხვევაში ჩურჩხელა უსწორმასწორო გამოდის; ამიტომ უფრო ხშირად ჩურჩხელას მეოთხედი ლებნებისგან ამზადებენ. ჩირსაც ნიგვზისნაირად ჭრიან.
3) მოადუღეთ მომზადებული თათარა, სათითაოდ ამოავლეთ ძაფზე აცმული გულები და ყულფით დაკიდეთ ხარიხაზე ისე, რომ ერთმანეთს არ შეეხონ. როცა შეშრება, ისევ გაავლეთ და დაკიდეთ. შეიძლება, მესამედაც გაავლოთ. თუ თათარა კარგად არის მოდუღებული, გავლების შემდეგ წვეთას არ დაიწყებს ჩურჩხელები. ჩურჩხელები კარგად უნდა გაშრეს, მაგრამ არ უნდა გახმეს, რბილი უნდა შეინახოთ. დღისით მზეზე დაკიდეთ, ღამით კი სახლში შეიტანეთ. შეინახეთ ისეთ ადგილას, რომ არც გაიყინოს და არც ზედმეტი სითბო იყოს. ქვემოდან რაიმე ქსოვილი დაუფინეთ და ზემოდანაც გადააფარეთ – ასე შენახული ჩურჩხელა დაშაქრდება, გათეთრდება.

ძირითადად ტექსტი დაკოპირებულია საიტიდან kulinaria.ge, მაგრამ მე როგორც ჩურჩხელას დიდი ოსტატი რაღაც-რაღაცეები არ მომეწონა და შევცვალე, მაგალითად ჩურჩელას შაქარი საერთოდ არ უნდა, ბადაგი ხომ თვითონ 50 პროცენტი სიტკბოა? მაგას რაღა შაქარი უნდა? თვითონ სულ შაქარია... და კიდევ, ჩურჩხელა უკეთესი გამოდის სერი ფქვილისა.
გმადლობთ ყურადღებისათვის.




შეფასება: 
  • არ მომწონს
  • +2
  • მომწონს
иконка
პარივცემულო მომხმარებელო, ამჟამად თქვენ სტატუსი საიტზე სტუმარია.
გირჩევთ დარეგისტრირდეთ, თუ უკვე ხართ დარეგისტრირებული გამოიყენეთ მონაცემები და შედით საიტზე.
თუ დაგავიწყდათ პაროლი, შეგიძლიათ აღადგინოთ აქ.
კომენტარის დატოვება
იკონკა
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • დღეს
  • ნახვადი
  • კონეტირებადი
up